- Friday, 20. June 2014 6:00 pm – 8:00 pm Save in my calendar
პარტიები და მოქალაქეები: როგორ განვითარდება ადგილობრივი დემოკრატია ბათუმში?
საჯარო დისკუსია ბათუმში
პარასკევს, 2014 წლის 20 ივნისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ დისკუსიაზე ბათუმში
პარტიები და მოქალაქეები: როგორ განვითარდება ადგილობრივი დემოკრატია ბათუმში?
მომხსენებლები:
- თამარ მამეიშვილი, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი
- დავით სიჭინავა, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარი
- ასლან ჭანიძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის დირექტორი
მოდერატორი: ნატა იმედაიშვილი, რადიო "თავისუფლება"
ამა წლის 15 ივნისის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა პოლიტიკური მონაწილეობის ადგილობრივი დონე უნდა განავითაროს. ეს ცვლილება თვისობრივად და არსობრივად სიახლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ათწლეულებია, რაც საკუთარი თემის ცხოვრებაში პასიური რეციპიენტის როლს კმაყოფილდებოდნენ და მოკლებული იყვნენ იმის შესაძლებლობას, რომ გავლენა მოეხდინათ გადაწყვეტილებებზე რომლებიც უშუალოდ მათ, მათ თემს, ქალაქს თუ საცხოვრებელ გარემოს ეხებოდა.
მეორე მხრივ დგება საკითხი, როგორ განვითარებას ჰპოვებს ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის არხები, მაშინ როდესაც საქართველოს სუსტად განვითარებული პარტიული სისტემა ინტერესთა არტიკულაციისა და აგრეგაციის გამოცდილებას არ ფლობს. საკმარისია პარტიული საქმიანობის ფორმებს გადავხედოთ და დავრწმუნდებით, რომ მათ მიმართ მოქალაქეების ლოიალობა და მხარდაჭერა ცვალებადია იმისდა მიხედვით, ძალაუფლების რა ხარისხს ფლობს ესა თუ ის პარტია ეროვნულ დონეზე, რამდენად მიუწვდება მას ხელი ადმინისტრაციულ თუ მორალურ, კანონიერ თუ კანონს მიღმა აკუმულირებულ რესურსებზე.
სწორედ ამიტომ, როგორც მოქალაქეების ისე პარტიების დონეზე, ეს არჩევნები პრინციპული მნიშვნელობის უნდა გახდეს ქართული საზოგადოების პოლიტიკური წრთობის და გამოცდილების ზრდის თვალსაზრისით. ამ არჩევნების შემდეგ იწყება საზოგადოებრივი ცხოვრების ის ეტაპი, როდესაც ადგილებზე, მოქალაქეებს მოუწევთ ისწავლონ, როგორ გამოხატონ ინტერესი, ხოლო პარტიებს მოუწევთ ისწავლონ ამ ინტერესების მომსახურება საიმისოდ, რომ თავისი საქმიანობისთვის საზოგადოებრივი საყრდენი შეიძინონ.
შესაბამისად, ცვლილება ეხება არა მხოლოდ მართვის და ადმინისტრირების სისტემას საქართველოს რეგიონებში, არამედ უპირატესად საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ ქცევას და კულტურას.