
- ოთხშაბათი, 16. დეკემბერი 2020 4:00 საღამოს – 5:30 საღამოს შეინახე პირად კალენდარში
ქალები ომის დროს და ომის შემდეგ - წიგნის პრეზენტაცია
ოთხშაბათს, 16 დეკემბერს, 16:00 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი გიწვევთ წიგნის - ქალები ომის დროს და ომის შემდეგ ონლაინ პრეზენტაციაზე
წიგნის – ქალები ომის დროს და ომის შემდეგ გამოცემას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ იძულებით გადაადგილებული პირების წინაშე მდგარი პრობლემები პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი არ არის. საზოგადოება იძულებით გადაადგილებულ პირებზე იგებს იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ისინი საპროტესტო აქციებს აწყობენ საბაზისო საჭიროებების მოთხოვნით. მაშინ როდესაც იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობს, სხვადასხვა მედიასაშუალება ხელს უწყობს მათი, როგორც სასოწარკვეთილი, მუდმივად საცხოვრებლის ძიებაში მყოფი ადამიანების სახე-ხატის შექმნას/კვლავწარმოებას. ეს სახე-ხატი დღესდღეობით დომინანტურია საზოგადოებაში და ეს განსაკუთრებით პრობლემატურია, რადგან ყურადღების მიღმა ტოვებს ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირთა ყოველდღიურობასა და მათ წინაშე არსებულ სტრუქტურულ პრობლემებს უკავშირდება.
წიგნის გამოცემის მეორე მთავარი მიზეზი უკავშირდება ჩვენს სურვილს, წვლილი შევიტანოთ გენდერისა და კონფლიქტების ურთიერთმიმართების თაობაზე აკადემიური დისკუსიების გამრავალფეროვნების კუთხით. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც საქართველოში კონფლიქტების შესახებ ვსაუბრობთ, ქალების გამოცდილება, მათი ნარატივი და ის სირთულეები, რაც მათ შეიარაღებული დაპირისპირების პერიოდში თუ შემდგომ გამოიარეს, ნაკლებად განხილული და შესწავლილია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ომისა და მშვიდობის კვლევების კუთხით მომუშავე მკვლევრები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კონფლიქტების გენდერულ ასპექტებს და ხაზს უსვამენ არა მხოლოდ ქალების როლს სამშვიდობო ოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში, არამედ მათ გავლენას, შექმნან საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის საჭირო ახალი პლატფორმები პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებში. თავის მხრივ, ფემინისტურ თეორიაში აქტიურად განიხილავენ, თუ როგორ ხდება გენდერული როლების მობილიზება ნაციონალისტური დისკურსების წარმოებისას.
წიგნი იწყება თამარ ცხადაძის წინასიტყვაობით, მას მოჰყვება პირველი ნაწილი – ფემინისტური პერსპექტივები ომსა და იძულებით გადაადგილებაზე, რომლის ავტორი ნარგიზა არჯევანიძეა. წიგნის მეორე ნაწილზე – გადარჩენიდან თვითდამკვიდრებამდე: დევნილი ქალები საქართველოში – იმუშავეს ელიკო ბენდელიანმა და ნათია ჭანკვეტაძემ. წიგნის მეორე ნაწილის კვლევის ხელმძღვანელი გახლავთ ნინო კალანდარიშვილი. ასევე, წიგნს რამდენიმე ფოტოსაც ვურთავთ, რომლებიც ასახავს იძულებით გადაადგილებული ქალების ყოველდღიურობას საქართველოში.
ონლაინ პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებენ შემდეგი მომხსენებლები:
- ნარგიზა არჯევანიძე, გენდერის მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორანტი.;
- თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- ელიკო ბენდელიანი, მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე;
- ნათია ჭანკვეტაძე, მშვიდობის და კონფლიქტების მკვლევარი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის კარტერის მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების სკოლის დოქტორანტი;
- ნინო კალანდარიშვილი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე;
მოდერატორი: ლილია ჩიხლაძე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი.
დისკუსიის ენა: ქართული
ონლაინ დიკუსიის ნახვა შესაძლებელი იქნება Heinrich-Böll-Stiftung South Caucasus -ის ფეისბუკის გვერდზე.
- Address
-
იხილეთ ღონისძიების აღწერა